საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა მომდევნო კვირაში გაიმართება

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა მომდევნო კვირაში გაიმართება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„მომდევნო კვირაში, მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ  საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მანამდე ეს დრო იყო შეჩერებული, მომდევნო კვირაში ჩვენ უკვე ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, წინასწარ მოხდება მოქალაქეთა შეკითხვების და მათი მოსაზრებების შეკრება და შემდეგ, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვუპასუხებთ ამ შეკითხვებს პირდაპირი ეთერით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მეორე განხილვა ჩატარდება რეგიონში, სავარაუდოდ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ამის შმდგომ, ერთთვიანი ვადის ამოწურვის მერე კი, დაიწყება საპარლამენტო განხილვა, რასაც მოჰყვება პირველი კენჭისყრა.