საკონსტიტუციო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით განიხილავს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის შესახებ წარდგინება. საქართველოს პარლამენტის წევრების წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით განიხილავს საკითხს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან. მათი განმარტებით, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როცა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები განახორციელა მთავრობის უარის მიუხედავად.

„კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს მთავრობას ანიჭებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. წარდგინებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში მონაწილეობაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ანუ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია”, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობა, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს: 

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

 

კონსტიტუციის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში დაადასტურა პრეზიდენტის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტმა დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უნდა უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

უკვე პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს. 

კონსტიტუციაში წერია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის  სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. 

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა.