საკონსტიტუციო სასამართლომ „აიისას“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ „აიისას“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

სარჩელი ეხება პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანია „აიისას“, რომლის მფლობელიც ორი წლის წინ საერთო სასამართლოებმა არაეთიკური რეკლამის  (პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანილი წარწერებისა და გამოსახულებების) გავრცელების გამო დააჯარიმეს.

მოსარჩელე ანი გაჩეჩილაძე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში GDI წარმოადგენს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე დავობს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის.

სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო დროშის ან გერბის შებღავლისათვის.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ლახავს გამოხატვისა (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი) და შემოქმედების თავისუფლებას (მე-20 მუხლი), ამავდროულად არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი). კერძოდ, არაკონსტიტუციურია საჯარო მორალისა და სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით აღნიშნული უფლებების შეზღუდვა.

GDI-ს მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე, ხოლო მეტი ინფორმაცია „აიისას“ საქმეზე ამ ბმულზე.