საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

ვასილ როინიშვილი ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობდნენ და მოითხოვდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმს 29 მაისის სხდომაზე მხოლოდ კანდიდატურები წარედგინა და მოსამართლე არ დაენიშნა.

საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო – საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.