საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები მოსამართლეთა აცილებაზე

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები მოსამართლეთა აცილებაზე.

„ენმ-მ“ მოსამართლეთა მთელი შემადგენლობის აცილება მოითხოვა, „ლელომ“ – სამი მოსამართლის: ვასილ როინიშვილის, სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის. რევაზ ნადარაიას თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

რევაზ ნადარაიამ გადაწყვეტილება, რომლითაც პლენუმმა არ დააკმაყოფილა აცილების შუამდგომლობები, ასე დაასაბუთა:

„ენმ-ის შუამდგომლობა აგებული იყო იმაზე, რომ მხარეს არ მოსწონს მოსამართლეთა ბიოგრაფიები, რის გამოც ეჭვქვეშ აყენებს მათ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას, თუმცა რამე ფაქტზე მითითებაც ვერ მოახდინა მხარემ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები რომელიმე მხარესთან დაკავშირებით ვერ იქნებიან მიუკერძოებელნი.

რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას 3 მოსამართლეთან მიმართებაში – პრაქტიკულად დანიშვნის წესი არ მოსწონთ. ეს წესი მოქმედებს 1995 წლის 24 აგვისტოდან, რაც საქართველოში კონსტიტუციაა. ამ კუთხით რა იყო აცილების საფუძველი, გაუგებარი დარჩა. რაც შეეხება შავაძის საქმეზე მითითებას ვასილ როინიშვილთან მიმართებაში – ბატონი ვასილი მაშინ პროკურორი იყო. ჩვენ შავაძის საქმეს არ ვიხილავთ და მოსამართლის მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება სრულიად საფუძველს მოკლებულია“.

ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შესახებ თქვა, რომ კლანის წევრია. ნადარაიამ მას გააწყვეტინა და თქვა, რომ „მოუწევს, გადავიდეს გაფრთხილებაზე და დაატოვებინოს დარბაზი“.

„კლანი და ასეთი ტერმინები, გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლის მიმართ – თქვენ უნდა წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია სამართლებრივი დასაბუთებით. ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს სასამართლო არ მიიღებს და მოგვიწევს გადავიდე გაფრთხილებაზე და მომიწევს, დაგატოვებინოთ დარბაზი“, – უთხრა მას რევაზ ნადარაიამ.

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა კახი სამხარაძემ დააყენა 3 მოსამართლის აცილების შუამდგომლობა:

ვასილ როინიშვილის – სამხარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ სარჩელში მითითებულია კონკრეტული საქმე, რომლის განხილვაშიც ის საერთო სასამართლოების დონეზე მონაწილეობდა – საქმე ეხება როინ შავაძის საქმეს.

და ორი ახლადდანიშნული წევრის: გოგა კიკილაშვილის და სერგო მეთოფიშვილის.

კახი სამხარაძის თქმით, გარდა იმისა, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ იზიარებს „ენმ-ის“ სარჩელის შუამდგომლობას, „ჩნდება სრულიად დასაბუთებული ეჭვი, რომ ისინი ვერ იქნებიან მიუკერძოებლები“.

კახი სამხარაძის არგუმენტი არის ის, რომ მათ შეცვალეს ის მოსამართლეები, რომლებსაც სხვადასხვა საქმეზე განსხვავებული აზრები ჰქონდათ – გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

მისივე თქმით: „24 სექტემბერს შეტანილი კონსტიტუციური სარჩელის შემდგომ 3 დღეში დანიშნული 2 ახალი მოსამართლე, შემდეგ ისე დაჩქარებული პროცესი, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, ჩატარებულიყო განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით, საკონსტიტუციო სასამართლომდე ვერც მოვიდა – ისე დაჩქარდა ეს პროცესი, რომ შეუძლებელი გახდა ამ შუამდგომლობის წარმოდგენა. ეს ყველაფერი მიუთითებს მხოლოდ ერთზე – იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც წარმოადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მოიპოვა სრული გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე სასურველი გადაწყვეტლების მისაღებად“.

მოსამართლეების აცილების შუამდგომლობებზე ოპოზიციის არგუმენტებს უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, „რაც მეტს ილაპარაკებს „ენმ“, მით მეტ მტკიცებულებას შექმნის უპატივცემულობის გამოხატვის და მეორე მხრივ, დაადასტურებს, რომ მათი მიზანი ხელისუფლების ძალადობით შეცვლაა“. მან თქვა, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა და გიორგი თევდორაშვილი არა მიხეილ ყაველაშვილმა, არამედ სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა. მისივე თქმით, მათი არგუმენტაცია მიმართულია სასამართლოს შეურაცხყოფისკენ. გორდულაძემ ასევე თქვა, რომ არ აქვთ მოსამართლეებისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი.

21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს სახელწოდებით: „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომელშიც ამჟამად 7 მოსამართლეა:

  • ევა გოცირიძე;
  • გიორგი თევდორაშვილი;
  • ვასილ როინიშვილი;
  • გიორგი მოდებაძე;
  • სერგო მეთოფიშვილი;
  • გოგა კიკილაშვილი;
  • რევაზ ნადარაია.

ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება.

თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა, მანანა კობახიძემ 13 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა. წინა დღეს, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისგან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუმადგომლობა არ დააკმაყოფილა. მანანა კობახიძეს უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

სერგო მეთოფიშვილმა და გოგა კიკილაშვილმა ჩაანაცვლეს თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე, რომლებსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურათ.

2025 წლის მარტში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წლით ადრე სასამართლო დატოვა ხვიჩა კიკილაშვილმა. გოგა კიკილაშვილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მისი შვილია.