21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს სახელწოდებით: „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.
სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომელშიც ამჟამად 7 მოსამართლეა:
- ევა გოცირიძე;
- გიორგი თევდორაშვილი;
- ვასილ როინიშვილი;
- გიორგი მოდებაძე;
- სერგო მეთოფიშვილი;
- გოგა კიკილაშვილი;
- რევაზ ნადარაია.
ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება.
თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა, მანანა კობახიძემ 13 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა. წინა დღეს, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისგან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუმადგომლობა არ დააკმაყოფილა. მანანა კობახიძეს უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
სერგო მეთოფიშვილმა და გოგა კიკილაშვილმა ჩაანაცვლეს თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე, რომლებსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურათ.
2025 წლის მარტში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წლით ადრე სასამართლო დატოვა ხვიჩა კიკილაშვილმა. გოგა კიკილაშვილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მისი შვილია.
რევაზ ნადარაია
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის რევაზ ნადარაია. ამ თანამდებობას ის 2025 წლის აპრილიდან იკავებს. საკონსტიტუციო სასამართლოში მან ხვიჩა კიკილაშვილი ჩაანაცვლა.
45 წლის მოსამართლე 2021 წლიდან უზენაეს სასამართლოში უვადოდ იყო განწესებული.
2019 წლიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი; 2017-2020 წლებში იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. მანამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა, უფრო ადრეულ წლებში კი – თბილისის და ფოთის სასამართლოებში.
მან 2001 წელს დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
რევაზ ნადარაიას უზენაეს სასამართლოში დანიშვნას პარლამენტმა მხარი იმ პერიოდში დაუჭირა, როცა 19 აპრილის შეთანხმება მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდა.
მოსამართლეების დანიშვნას ბოიკოტს უცხადებდნენ ოპოზიციის დეპუტატები, სახალხო დამცველი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები.
2024 წელს, როცა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით სასამართლო სისტემის ე.წ. ვეტინგის რეკომენდაცია გაიცა, „სასამართლოს გუშაგმა“ დაწერა, რომ ვეტინგი, სავარაუდოდ, შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც, მათ შორის, ნადარაიას. მოსამართლეთა უმრავლესობა, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ე.წ. ვეტინგის კატეგორიული წინააღმდეგია.
„ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან ერთად ვსაქმიანობ და მასთან მაქვს ურთიერთობა“, – განაცხადა ნადარაიამ პარლამენტში გასაუბრებაზე 2021 წელს.
„ყველა ქვეყნის მოსამართლისთვის დაუდგენია დარღვევა სტრასბურგის სასამართლოს. ლევან მურუსიძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ახლა არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და მთელი მისი საქმიანობა იბრძოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ყველა თავდასხმა, რომელიც სასამართლო სისტემაზე მოდიოდა, იწყებოდა ლევან მურუსიძეზე თავდასხმით, ყველა ამ თავდასხმას ლევან მურუსიძე იღებდა პირველი და ამ გარემოებებმა ლევან მურუსიძე, ლიდერს რომ გაიძახით სულ, აქცია ლიდერად“, – თქვა მან 2021 წელს.
მისივე სიტყვებით, „სასამართლო სისტემა ღირსეული ადამიანების კორპუსია“ და მათ „აქვს ის ღირსება, რომ პანღურს არ ამოირტყამს“.
ვასილ როინიშვილი
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2020 წლის 29 მაისს დანიშნა. არსამთავრობო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ როინიშვილი ე.წ სასამართლო კლანთან დაკავშირებული პირია.
საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე ვასილ როინიშვილს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურდა და შესაბამის კონკურსშიც მონაწილეობდა.
ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9 მოსამართლეს შორის იყო, რომელმაც 2017 წელს მხარი დაუჭირა „რუსთავი 2-ის“ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას. ვასილ როინიშვილი იყო ერთ-ერთი იმათგანი, რომელმაც არ შეაჩერა პირველი რუსული კანონის (ე.წ აგენტების კანონის/ფინანსური გამჭვირვალობის კანონის) ნორმების მოქმედება.
ვასილ როინიშვილი 2008-09 წლებში იყო მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, მანამდე, 2006-2008 წლებში კი – აჭარის პროკურორი.
აჭარაში მუშაობის დროს ის იყო ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი.
ვასილ როინიშვილის მიერ შევსებული ფინანსური დეკლარციის თანახმად, მისი ცოლი დიანა ცინდელიანი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა. კერძოდ, ცინდელანს 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით რუსულ უწყებაში იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დეკლარაციის თანახმად, ამ პერიოდში მან შემოსავლის სახით 1130,41 რუბლი მიიღო, რაც დაახლოებით 35 ლარია.
ევა გოცირიძე
ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა, რომლის უმრავლესობასაც „ქართული ოცნება“ შეადგენდა 2017 წელს აირჩია. არჩევამდე მას სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა ორი ვადით – 1997-2000 წწ. და 2013-2017 წწ. – იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
2016 წელს მთავრობამ ევა გოცირიძე, ორ სხვა კანდიდატთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა. მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არამედ მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვისაც. მაშინ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოდან ECHR-ში არავინ აირჩიეს.
პირველი რუსული კანონის განხილვის დროს ევა გოცირიძემ განსხვავებული აზრი წარმოადგინა – მან დაწერა, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის დადგენა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას სცილდება.
ის წერდა, რომ კანონის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად ორი გზა არსებობს:
კანონი არაუფლებამოსილმა კონსტიტუციურმა ორგანომ მიიღო ან პროცედურები დაირღვა;
თითოეული მუხლი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ასეთ დროს მოსარჩელეს კანონის ყველა მუხლი ცალ-ცალკე უნდა ჰქონდეს გასაჩივრებული.
გოცირიძის აზრით, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ არცერთ სარჩელში ამ ორი მოთხოვნიდან არცერთი არაა დაკმაყოფილებული. მოსამართლე მიუთითებდა, რომ სწორედ ამ მიზეზით, სასამართლოს მოუწევდა იმაზე მსჯელობა, „არის თუ არა კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზანშეწონილი ან სწორი“, „რაც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე არ არის“.
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი თევდორაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მაშინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 14 ივლისს დანიშნა.
თევდორაშვილი იყო ერთ-ერთი იმათგანი, რომელმაც დაადგინა, რომ მაშინდ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპაში ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია.
გიორგი თევდორაშვილი 49 წლისაა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. 2019 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იგი პარლამენტისთვის წარსადგენ საბოლოო კანდიდატად არ შეურჩევია. 2012–2021 წლებში თევდორაშვილი სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ უფროსის მოადგილე იყო. 2021 წლის ივლისში იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. 2024 წლის ოქტომბერში, ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე, მას არ გამოუთქვამს განსხვავებული აზრი სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც კანონის სადავო ნორმების მოქმედების დროებით შეჩერებაზე უარი ითქვა.
სერგო მეთოფიშვილი
სერგო მეთოფიშვილი 65 წლისაა. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ის 2026 წლის 23 სექტემბერს, უზენაესი სასამართლოს პლენუმის კვოტით დაინიშნა.
2016–2021 წლებში მეთოფიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე იყო, 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის აგვისტომდე კი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე. ის 2016-2020 წლებში ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
მეთოფიშვილი მოაზრებულია გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრად, რომლის არსებობის შესახებ არასამთავრობო სექტორი, იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრები და ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ.
მეთოფიშვილის საჯარო გამოსვლებიდან აღსანიშნავნია მისი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებები იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ. გარდა ამისა, მეთოფიშვილი აკრიტიკებდა და პოლიტიზირებულს უწოდებდა არასამთავრობო სექტორს (მაგალითად, ეკა გიგაურს) და სასამართლოს არსებული სისტემის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს, მათ შორის, აკრიტიკებდა ეკა ბესელიასაც.
მეთოფიშვილი ეწინააღმდეგება „ვეტინგს“. 2024 წელს მან განაცხადა, რომ ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას.
2024 წელს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო. სასამართლომ მეთოფიშვილის ქონების დეკლარაციის გადამოწმება შეაჩერა.
გოგა კიკილაშვილი
გოგა კიკილაშვილიც 23 სექტემბერს დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა პრეზიდენტის კვოტით. ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადამდგარი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. გოგა კიკილაშვილი განათლებით იურისტია. ის აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. 2019-23 წლებში იყო იურიდიული ფირმის დირექტორი, 2020-23 წლებში კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი. 2023 წლიდან კიკილაშვილი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
გიორგი მოდებაძე
გიორგი მოოდებაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2025 წლის 23 ოქტომბერს მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა. მან ირინა იმერლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადის ამოწრვამდე 11 თვით ადრე დატოვა და მიზეზად ბათუმის კერძო უნივერსიტეტში მუშაობის დაწყება დაასახელა. იმერლიშვილს მონაწილეობა არ მიუღია რუსული კანონის წინააღმდეგ საქმის განხილვაში მიუღია. 2024 წლის აგვისტოში – მან ფეხის ტკივილი მოიმიზეზა.
გიორგი მოდებაძემ სამართალი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლა. 2009 წელს მან სამართლის ბაკალავრიატი დაამთავრა, 2018 წელს – მაგისტრატურა.
2024 წლის ნოემბრიდან დღემდე ის „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2010 წლიდან 2024 წლის ნოემბრამდე ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა – იკავებდა უფროსი სპეციალისტის, სამდივნოს უფროსის და სასამართლოს მენეჯერის პოზიციებს.