„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

პუბლიკა

პარლამენტის ბიურომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება იმას გულისხმობს, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით ერთი კვირის განმავლობაში განიხილავენ და მიიღებენ.

მოთხოვნას პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე საკითხს ბიუროს სხდომაზე დებატები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდს მიმართეს საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტს ჩვეულებრივი და არა დაჩქარებული წესით ემსჯელა.

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში გადაზრდის, რაც დღევანდელ მდგომარეობას უკიდურესად არ აწყობს.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის ანრი ოხანაშვილის პოზიცია იყო, რომ არსებობს შეუსაბამობა კონსტიტუციასა და ორგანულ კანონს შორის, რომელიც რაც უფრო მალე გამოსწორდება, უკეთესია. მან ისიც აღნიშნა, რომ ინიცირებული პროექტის საწინააღმდეგო სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ მოუსმენია.


მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ინიციირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე.