არ დაიჯერეთ, რომ ზურაბიშვილთან ურთიერთობა არ არის მარტივი - უსუფაშვილი ბიუროზე

პუბლიკა

„მე ვიცი, რომ არ არის მარტივი სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა. ამასაც გეტყვით. ვისაც გეგონათ, რომ მარტივი იქნებოდა, არ დაიჯერეთ, რომ არ არის მარტივი“, – განაცხადა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.

მან პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის წამოსაწყებად ინიციირებულ კანონპროექტზე ისაუბრა და კოლეგებს მოუწოდა, საკითხი გარკვეული ხნით გადაედოთ, ვინაიდან, მისი თქმით, განხილვა პოლიტიკურ დებატებში გადავა, რაც ამ ეტაპზე ქვეყანას არ წაადგება.

„…ამ კონტექსტიდან გამომდინარე, დღეს სამართლებრივ ხარვეზზე საუბარი, რომელზეც ვიცით, რომ ხარვეზია ამდენი წელიწადი და ზუსტად ახლა, ამ კვირაში ვაკეთებთ – აი, ამას ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქცევა პოლიტიკურ თემად, რომელიც ყველაზე ნაკლებად სჭირდება დღეს ქვეყანას და პირველ რიგში პრეზიდენტისა და მთავრობის ხმაშეწყობილი და კოორდინირებული საქმიანობა არის აუცილებელი, მე ვხედავ აქ სერიოზულ პრობლემებს…

მე ვიცი, რომ არ არის მარტივი სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა, ამასაც გეტყვით. ვისაც გეგონათ, რომ მარტივი იქნებოდა, არ დაიჯერეთ, რომ არ არის მარტივი. და შესაძლოა, ყოველთვის ისე არ მოიქცეს, როგორც საჭიროდ თვლით. მაგრამ ამას საკანონმდებლო, პოლიტიკური ბრძოლით კი არა, იქნებ სხვანაირად მოვაგვაროთ ყველამ ერთად, რომ ევროინტეგრაციის თემაა თუ მშვიდობის შენარჩუნება თუ თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება თუ სხვა საკითხები, ეს სამუშაო ვითარებაში გადავიყვანოთ.

პრემიერმა და პრეზიდენტმა, რომ ყოველდღე ნახევარი საათი ისაუბრონ ერთმანეთთან – ამ ვითარებაში [უნდა] გადავიყვანოთ და არა ის, რომ აღარ ისაუბრონ საერთოდ. მე პრეზიდენტსაც მივმართავ და პრემიერსაც, რომ არ შეიძლება ასე…

ყველანი ვამბობთ, რომ ვართ ურთულეს ვითარებაში, მთელ მსოფლიოსთან ერთად და მოვაგვაროთ ეს საკითხები და არა, გავაღვივოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.


დღეს ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კანონპროექტის ინიციირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე.