სახალხო დამცველის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ აბორტის უფლებით სარგებლობის შეზღუდვას.
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით 2023 წლის 6 ნოემბერს მიმართა.
სარჩელით სადავოდაა გახდილი ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, რომ გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შეწყვეტის სავალდებულო საფუძველია სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადგინდება, რომ ორსული ქალი გაუპატიურების მსხვერპლია.
ომბუდსმენის პოზიციით, აღნიშნული სავალდებულო საფუძველი ქმნის პრობლემას, რადგან საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ 22-კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით.
„მართალია დასახელებული ნორმა, კანონით დადგენილი ზოგადი აკრძალვიდან ადგენს უფლებააღმჭურველ წესს ქალებისთვის, რომელთა მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ორსულობის 22 კვირამდე ვადაში, თუმცა იგივე ნორმა ატარებს უფლებამზღუდავ შინაარსსაც იმ ქალებთან მიმართებით, რომელთა საქმეზეც სამართალწარმოება სრულდება 22 კვირის შემდეგ.
ამასთან, აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ერთადერთ ნორმას, რომელიც გაუპატიურების შედეგად ორსულობას, როგორც სოციალურ ჩვენებას და აბორტის საფუძველს განსაზღვრავს. შესაბამისად, სწორედ დასახელებულ ნაწილში დავინახეთ ნორმის მზღუდავი შინაარსი“, – აღნიშნულია სარჩელში.
სარჩელის თანახმად, სადავო წესის ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს უკანონო აბორტების შემცირება და, შედეგად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა, მითითებული მიზანი მიღწევადია ნაკლებად მზღუდავი და ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული საშუალებებითაც.
„ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. ამ ვითარებაში მყოფი ქალისთვის ორსულობის შეწყვეტაზე უარი, შესაძლოა, დამატებით ფსიქოემოციური სტრესის და სოციალური სტიგმის წყარო გახდეს“, – აღნიშნულია სარჩელში.
სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არღვევს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალის თავისუფალი განვითარების უფლებით და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით დაცულ ავტონომიას.