საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა „ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ უწყებაში დაუდასტურეს.
მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილება 30 მარტს ამოიწურა.
საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა 2020 წლის 25 ივნისს პლენუმმა აირჩია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კი ტურავა 2015 წლიდან იყო.
მაშინ მერაბ ტურავას თავმჯდომარედ არჩევას აპროტესტებდა ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.
„ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა 2020 წელს განაცხადა, რომ მერაბ ტურავა ე.წ. კლანის წევრად არასოდეს მოიაზრებოდა, თუმცა მისი კანდიდატურა მისაღები აღმოჩნდა როგორც „ქართული ოცნებისთვის”, ისე ე.წ კლანისთვისაც.
მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებთან მიმართებაშიც სასამართლომ „ოცნებისთვის“ ხელსაყრელი ნაბიჯები გადადგა.
მათ შორის:
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სარჩელი — საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა, განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 34 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა.
- ე.წ. „რუსული კანონი“ — 2024 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება. სასამართლომ „არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარეების შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“. ამავე გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სასამართლოში იყო შესული. თუმცა, საქმის განხილვა დასრულებული არ არის, შესაბამისად, არც გადაწყვეტილებაა გამოტანილი.
- პრეზიდენტის საგარეო ვიზიტები: 2023 წლის ოქტომბერში სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ვიზიტები განახორციელა.