საკონსტიტუციო სასამართლო ინსპექტორის სარჩელზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, საქმე განსახილველად უკვე გადაეცა პირველ კოლეგიას, მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება.

მათივე თქმით, საქმის განსახილველად მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, სარჩელის განხილვის ან საქმეზე სხვა პროცედურების შესახებ.

„მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა 2022 წლის 28 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, კოლეგიებისთვის საქმეთა განაწილების რიგითობის წესის დაცვით, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სასამართლო შემადგენლობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა ვასილ როინიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო, საქმის განხილვისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, გაავრცელებს ინფორმაციას №1673 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ჩატარებისა ან/და საქმეზე სამართალწარმოების სხვა პროცედურის განხორციელების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზი გაუსვა, რატომაა აუცილებელი, სასამართლომ საკონსტიტუციო სარჩელი პირველ მარტამდე განიხილოს:

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1 მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს არ შეუწყდება უფლებამოსილება.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ლონდა თოლორაიას უფლებების აღდგენა შეუძლებელია არ გახდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს აღნიშნულ სარჩელს და 2022 წლის 1 მარტამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნორმის შეჩერების შესახებ“, – ამბობენ საიაში.