საია მოუწოდებს საკონსტიტუციოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით ლონდა თოლორაიამა საკონსტიტუციო სასამართლოს საიას დახმარებით მიმართა.

საიას ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა 2022 წლის 28 იანვარს. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით უკვე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიები.

საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების პროცესი დაიწყო 2022 წლის 25 იანვრიდან და 1 თებერვალს დამთავრდა.

ამ კომისიებმა თითოეული თანამდებობისათვის უნდა შეარჩიონ არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურა, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაურისგან კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორ-ორი კანდიდატურა წარედგინება.

2022 წლის 4 თებერვალს ჩანიშნულია კომისიის სხდომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს კანდიდატები, რომელებიც არჩევის შემთხვევაში, შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის 1 მარტიდან. სწორედ ამ დროს უწყდება  ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება.

„ამ მომენტისათვის არჩეული იქნებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

ამის გამო, მოვუწოდებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი და მასში არსებული შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1 მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს არ შეუწყდება უფლებამოსილება.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ლონდა თოლორაიას უფლებების აღდგენა შეუძლებელია არ გახდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს აღნიშნულ სარჩელს და 2022 წლის 1 მარტამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნორმის შეჩერების შესახებ, “- ამბობენ საიაში.