საკრებულო ლაგუნას ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ცენტრის პროექტს განიხილავს

პუბლიკა

თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე  გმირთა მოედანთან მრავალფუნქციური ცენტრის პროექტს განიხილავენ. საკითხი დღესვე გავა საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 14:00-ზეა ჩანიშნული.

კომისიის სხდომას ესწრებიან „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი და ურბანული პოლიტიკის მკვლევარი ნანო ზაზანაშვილი, რომლებიც პროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

აღსანიშნავია, რომ ნანო ზაზანაშვილმა სხვა მკვლევრებთან ერთად ეს პროექტი შეისწავლა. „ურბანული კვლევების ცენტრმა“  12 დეკემბერს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროექტთან დაკავშირებული რისკები სათანადოდ არ არის გამოკვლეული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილი განაშენიანება ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი განვითარების პრინციპებს, საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პრინციპებსა და ამოცანებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაგეგმილი განაშენიანება არსებითად შეცვლის მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას, მოსპობს ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალს და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს სატრანსპორტო მდგომარეობაზე.

აღნიშნული პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგება ოპოზიცია.

27 დეკემბერს „ლელოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტი პრობლემებს შექმნის როგორც ტრანსპორტის თვალსაზრისით, ასევე ის ზიანს მიაყენებს ქალაქს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. მისივე თქმით, ვერეს კალაპოტი სტიქიის საფრთხის ქვეშ დგას. ენმ-ის წარმომადგენელმა, ლილე ლიპარტელიანმა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ პროექტისთვის გათვალისწინებული ზონა სარეკრეაციო ზონაა და იქ მსგავსი სახის განაშენიანება არ შეიძლება.

ოპოზიციის კრიტიკას გუშინვე უპასუხა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ არ არსებობს არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები.