თბილისის საკრებულომ აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. ამ გადაწყვეტილებით დასაშვები გახდა ამ ადგილას ორი ცათამბჯენის აშენება.
ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. მანამდე მას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობა იკრძალებოდა.
მანამდე, 2023 წლის 28 დეკემბერს თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა ლაგუნას ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ცენტრის პროექტს.
ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხის ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ” 65-მეტრიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.
„ურბანული კვლევების ცენტრმა“ 12 დეკემბერს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროექტთან დაკავშირებული რისკები სათანადოდ არ არის გამოკვლეული.
დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილი განაშენიანება ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი განვითარების პრინციპებს, საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პრინციპებსა და ამოცანებს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაგეგმილი განაშენიანება არსებითად შეცვლის მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას, მოსპობს ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალს და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს სატრანსპორტო მდგომარეობაზე.