კალაძე ლაგუნას პროექტზე: არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს

პუბლიკა

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები, ასე რომ ვთქვათ. არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ლაგუნას შესახებ ოპოზიციის კრიტიკას.

კახა კალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

რელიზის მიხედვით, ჟურნალისტმა კალაძეს ლაგუნას პროექტზე კრიტიკული შეფასებების და რუსი ბიზნესმენების შესაძლო კავშირების შესახებ ჰკითხა.

კალაძის თქმით, პოლიტიკური სპეკულაციები ქალაქის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის.

„ამას აქვს თავისი მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი“ თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, გიჟდებიან, არ იციან, რა ქნათ, რადგან ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს მშენებლობას, საქმდება უამრავი ადამიანი, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ასეთი ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშნებლობას, პროექტები განხორციელდება მომავალშიც. უბრალოდ, სასაცილოა, რომ მარიკა ვერულაშვილს აკავშირებენ ჩვენთან ისინი, ვისი პარტიის წევრიც იყო წლების განმავლობაში და მათ პოლიტიკას ატარებდა,“- განაცხადა თბილისის მერმა.

დღეს, 27 დეკემბერს თბილისის საკრებულოს „ლელოს“ და ენმ-ის დეპუტატებმა ბრიფინგები გამართეს და ლაგუნას პროექტის შეჩერება მოითხოვეს.

„ამ პროექტს აქვს პრობლემები სატრანსპორტო თვალსაზრისით. გმირთა მოედანი ნებისმიერ მონაკვეთში არის უკიდურესად გადატვირთული და აქ ამ მოცულობის მშენებლობის წარმოება, უბრალოდ, დაუშვებელია. ასევე, არსებობს პრობლემა ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით და ამ პროექტის განხორციელება წარუშლელ ზიანს მიაყენეს ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილს. რაც ყველაზე მთავარია, ეს შენობა და პროექტი მდებარეობს მდინარე ვერეს ყველაზე პრობლემურ კალაპოტში, სადაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს წყალმოვარდნის ყველაზე ძლიერი ნაწილი დაფიქსირდა. შესაბამისად, ნებისმიერი მშენებლობა ამ ტერიტორიაზე, უბრალოდ, უდიდესი რისკების შემცველია“, – განაცხადა „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ.

ენმ-ის წარმომადგენლის, ლილე ლიპარტელიანის თქმით კი პროექტისთვის გათვალისწინებული ზონა სარეკრეაციოა და „ამ ტერიტორიაზე იმ სახის განაშენიანება, რაც განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი ნაწილით დამტკიცდა და ახლა უკვე განაშენიანების გეგმით არის შემოსული, დედაქალაქში ურბანულ და სატრანსპორტო კატასტროფას გამოიწვევს“.