საკრებულოში კუხიანიძის კაბინეტიდან აქტივისტების გაყვანას დაცვა ცდილობს

პუბლიკა

ხმაურია თბილისის საკრებულოში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და ოთახში სტიკერები გააკრეს „ვაჟა ექიმი გმირია“. ამით აქტივისტები ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებენ.

საკრებულოს დაცვის სამსახური ცდილობს, გარეთ გაიყვანოს აქტივისტები, რომლებიც კაბინეტში იატაკზე სხედან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ დეპუტატმა მანდატი დატოვოს. მათ ადგილზე კარვის გაშლაც სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციის დეტუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გაყვანის დროს ხელი მსუბუქად დაუზიანდა.


აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.