საკუთარი ქვეყნები ჩართონ ომში - თბილისის მერი საქართველოს პარტნიორებზე

პუბლიკა

„თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება”. – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას.

„პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში”. – ამბობს ის.

მისი თქმით, “საქართველოს არასდროს დაუხევია უკან. ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში; ქვეყნის ტერიტორიები სამწუხაროდ, ოკუპირებულია; არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“.


ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.