სალომე ზურაბიშვილი ფოთში: ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივებმა მას ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროვების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა.

„პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და სულიერი შემართება. დღეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი.

,,მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!”— ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 1 თებერვალს ბათუმში იმყოფებოდა.

ის იქაც შევხდა აქტივისტებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებული აქტივისტები და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები.

„პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო პროტესტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშალა, აქტიურობენ რეგიონები და ამ პროცესების ეპიცენტრშია ბათუმი, სადაც დღეს უკვე ამ პროტესტმა კონკრეტული სახე და სახელი შეიძინა – მზია ამაღლობელი.

ადგილობრივმა აქტივისტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქციებზე დაკავების, წინასწარი დაკავების საკნებში მოპყრობისა და გასამართლების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და პირადი მაგალითის საფუძველზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ისაუბრეს“, – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.