სალომე ზურაბიშვილის სახლთან გამთენიისას სროლა იყო - შსს-ს ცნობით, დაიჭრა ორი ადამიანი

პუბლიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლთან გამთენიისას სროლა იყო.

ზურაბიშვილის ცნობით, ჩხუბი 40-მდე ადამიანს შორის, დაახლოებით, 04:20 საათზე მოხდა, „იყო „მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება”.

„სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია… ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემ ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4.20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემი სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია.

ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე-ბარები გვიანობამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელი ამ მოვლენების დროს არცერთი პოლიციელი!!! დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული, ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ!

მშვიდობით სავსე ქალაქი. უსაფრთხო ქვეყანა!” – დაწერა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილმა და ფოტოები გამოაქვეყნა.

მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ინფორმაციით, 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი პირი დაიჭრა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.