სამადაშვილი: ომბუდსმენის ანგარიში არის სარკე და კარგად აჩვენებს რატომ ვერ მივიღეთ სტატუსი

პუბლიკა

დღეს საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უსმენენ. პლენარული სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს და დეპუტატების გამოსვლით გრძელდება.

პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიში აჩვენებს იმას, თუ რატომ, რა მიზეზებით ვერ მიიღო საქართველომ EU-ს წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„სახალხო დამცველის ანგარიში არის სარკე და ის სახე, რაც ჩვენ დავინახეთ ამ ანგარიშში, აჩვენებს, რატომ ვერ მივიღეთ ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ აღარ დაუშვას მსგავსი შეცდომა და დამოუკიდებელ კანდიდატს არ მიეცეს შესაძლებლობა დაიკავოს სახალხო დამცველის პოსტი. თუმცა, მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის მოთხოვნა ეს სწორედ იმიტომ არის, რომ ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე არანაირ კანდიდატის სტატუსს ეს ქვეყანა არ მიღებს,“ თქვა მან.

სალომე სამადაშვილმა სახალხო დამცველს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მათ შორის ქართველი ხალხის სახელითაც იმისთვის, რომ თქვენ მართლა იყავით სახალხო დამცველი. შემთხვევითი არ არის, რომ იმ 12 მოთხოვნაში, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა, როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნები, ცალკე პუნქტად შევიდა სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის დაცვა. ვფიქრობ თქვენმა საქმიანობამ დაამტკიცა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

LB loan image desktop LB loan image mobile