სამადაშვილი: „ქართული ოცნება" ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ეხმაურება წუხელ, 6 ნოემბერს გასულ ფარულად გაკეთებულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც გუშინ ეთერში ტელეკომპანია „იმედმა” გაუშვა.

„იმედის” წამყვანებმა ფარული აუდიოჩანაწერების ეთერში გაშვებამდე განაცხადეს, რომ აღნიშნული თავდაპირველად უკრაინულ ვებგვერდზე, „obozrevatel-ზე” გამოქვეყნდა და რომ გამოცემამ ორი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, ერთი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის შედგა, მეორე კი, დეპუტატ სალომე სამადაშვილსა და უცნობ პირს შორის.

სალომე სამადაშვილი facebook-ზე წერს, რომ „ქართული ოცნება” ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს.

„დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ-ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვავთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც.

„ქართული ოცნება” ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს… ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა „ნაც მოძრაობის” ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ესეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. „ქოცების” ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია – მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს „ოცნების” აგონიაში”, – წერს სამადაშვილი.

მისი თქმით, აპირებს, რომ ყველა დიპლომატიურ მისიას და საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მის მიმართ ხორციელდება უკანონო მიყურადება და პირადი საუბრების ჩაწერა.

ფარულად გაკეთებულ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილი უცნობ ადამიანს ელაპარაკება და „ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო სიის შემადგენლობის გამო აკრიტიკებს.

გამოქვეყნდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, გუბაზ სანიკიძე და მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საუბრობენ. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არაა, ალასანია სანიკიძეს მიმართულებებს აძლევს ოპოზიციის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.

LB loan image desktop LB loan image mobile