სამადაშვილი: ვაპირებ, შალვა პაპუაშვილს და მანდატურებს ფიზიკური ძალადობისთვის ვუჩივლო 

პუბლიკა

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც დღეს, 29 აპრილს ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან გააძევა, ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობისთვის შალვა პაპუაშვილსა და მანდატურებს უჩივლებს.

სამადაშვილი 19 აპრილს შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომიდანაც გააძევა.

სალომე სამადაშვილი დღევანდელი სხდომიდანაც და 19 აპრილისაც პლენარული სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

„ფიზიკურ ძალადობაზე ვაპირებ, სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს”. – თქვა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტი რუსულ კანონს განიხილავს. 16 აპრილს 83-მა დეპუტატმა მას I მოსმენით მხარი დაუჭირა. დღეს, 29 აპრილს II მოსმენით საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილმა 5 ოპოზიციონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა – მან ასევე გააძევა გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

საბაბად ანრი ოხანაშვილმა ოთხივე შემთვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა, კერძოდ ის, რომ მისი თქმით, დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”.

„მინდოდა, გვესაუბრა, როგორ დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმს, თუ მიიღებს კანონს „უცხო გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ და გამომაძევეს სხდომიდან. ამ საკითხზე საუბარი არ უნდათ, კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ატყუებენ საზოგადოებას! საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ მეგობრებო, არათუ გაწევრებაზე მოლაპარაკებები, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე დაიწყება საუბარი ძალიან სწრაფად. ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ მას. თუ მესამე მოსმენით მიიღებენ ამ კანონს, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე”. – თქვა სალომე სამადაშვილმა.

რუსული კანონის II პლენარული მოსმენა, მმართველი პარტიის წევრების თანახმად, 30 აპრილს უნდა გაიმართოს.