სამარცხვინოა, საკუთარ ხალხს მოუწყო სირცხვილის კორიდორი იმიტომ, რომ შენ არ გაძლევს ხმას – წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ სიის წევრმა, თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეორე ტური შედგება და როგორც პარტიის მომხრეებს, ასევე ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

„ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. მეორე ტური შედგება“, – განაცხადა მან.

თეა წულუკიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ გამოთქმული მოსაზრება ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურში სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ სამარცხვინოა.

„რაც შეეხება სირცხვილის კორიდორებს, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის სამარცხვინო აზრი, საკუთარ ხალხს მოუწყო სირცხვილის კორიდორი იმიტომ, რომ შენ არ გაძლევს ხმას. ამის შემდეგ მათ გაიაზრეს, გაემიჯნენ ერთმანეთს და ბოლოს თქვეს, რომ არა, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდითო. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები მათი მხრიდან ჩვენთვის უკვე ბანალობად იქცა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში მოვუწყოთ ყველას სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ 15 ნოემბერს განაცხადა. დღეს იდეა ლევან ბეჟაშვილმა „რუსთავი 2ის“ ეთერში დააკონკრეტა და განმარტა, რომ ეს კორიდორი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს და გაყალბებაში მონაწილე საჯარო მოხელეებს უნდა მოუწყონ და არა ამომრჩეველს.