„სირცხვილის კორიდორი“ არჩევნების დღეს | რას ფიქრობს ოპოზიცია

პუბლიკა

„მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და 21-ში მოვუწყოთ ყველას სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი მომხრე ჰყავს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ 15 ნოემბერს განაცხადა. დღეს იდეა ლევან ბეჟაშვილმა „რუსთავი 2ის“ ეთერში დააკონკრეტა და განმარტა, რომ ეს კორიდორი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს და გაყალბებაში მონაწილე საჯარო მოხელეებს უნდა მოუწყონ და არა ამომრჩეველს.

ამომრჩევლისთვის „სირცხვილის კორიდორის“ იდეა არ მოსწონთ სალომე სამადაშვილსა და ხატია დეკანოიძეს. დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ოცნების“ ამომრჩეველს საუბრით უნდა აუხსნან, რომ არჩევნები მათაც მოპარეს. სალომე სამადაშვილის აზრით კი, ისეთი პოლიტიკოსი, ვინც სხვის ამომრჩეველს პატივს არ სცემს, ნდობას ვერ დაიმსახურებს.

ე.წ. სირცხვილის კორიდორში ჩაბმას ერთხმად არ აპირებს „ევროპული საქართველო“. ამის შესახებ კომენტარები გიგა ბოკერიამ, ელენე ხოშტარიამ, გიგი უგულავამ გააკეთეს.

„არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც „ოცნების“ ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასა და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე კიდევ, ეს „ოცნების“ ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი ეს სწორედ ამას არ უნდა დავემსგავსოთ!“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, „გირჩიც“ არ ჩაერთვება ამგვარ აქციაში, თუკი იქნება.

„რომელიღაცა პარტიას თუ უნდა, რომ რამე მსგავსი გააკეთოს, გააკეთებს. რაღაც აქციებში ვიღებთ მონაწილეობას, რაღაცაში არა, რადგან არის რაღაცები, რომელიც ერთიანად იგეგმება და ყველა პარტია ერთვება და არის რაღაცები, როცა სხვადასხვა პარტია თავისთვის აორგანიზებს და აკეთებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„სირცხვილის დერეფანი“ საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება“, – ასეთია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის პოზიცია.

იდეას კატეგორიულად არ ეთანხმება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერებს პატივს სცემს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ „სირცხვილის კორიდორთან“ დაკავშირებით საერთო ოპოზიციური ფორმატი ჯერ არ შეთანხმებულა.

„უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივ ძალას ხაზავს და ამის თაობაზე თავიანთი შვილები და შვილიშვილები ეტყვიან ძალიან მალე საყვედურს, თუ არ უთხრეს უკვე. ეს უკვე ის მდგომარეობაა, რომელსაც ჰქვია არა არჩევანი, არამედ დანაშაული მომავლის წინაშე. თუმცა, ვიმეორებ, კორიდორების საკითხზე ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას” წევრის, კოტე კემულარიას განცხადებით, „სირცხვილის კორიდორები” მოეწყობა მთავრობის წევრებისთვის და არა მოქალაქეებისთვის.

ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ თუ რომელიმე ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ ხმების მოპარვა ნორმალურია, მან უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში.

„უბრალოდ, ეს არ არის იმდენად სირცხვილის კორიდორი, რამდენადაც გამოფხიზლების, ასე ვთქვათ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ II ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.

მოლაპარაკების პარალელურად, ოპოზიცია არ ცვლის ქუჩის საპროტესტო აქციების გეგმას. უახლოესი აქცია 18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურადაა დაგეგმილი. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატის დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ აქციები კიდევ იქნება, მათ შორის, II ტურის დღეს, 21 ნოემბერსაც, თუმცა კონკრეტულ გეგმას მოგვიანებით შეიმუშავებენ.