სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შევიდა.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სამსახური შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ გაიწვევენ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს.
7 მარტს, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და მიიღო პირველი მოსმენით რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრზამის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშღომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.