სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარდეს დროული და მკაცრი ღონისძიებები მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ - GDI  

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), პრაიდ კვირეულს ეხმაურება და პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, გაატარონ ყველა ზომა პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის და ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებების დაცვისთვის.

GDI გმობს ხელისუფლებისა და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან წახალისებულ ჰომოფობიურ ტალღას და კვირეულის ორგანიზატორებს მხარდაჭერას უცხადებს.

„აღსანიშნავია, რომ საჯარო სივრცეში ვრცელდება ძალადობისკენ მოწოდების და მუქარის შემცველი არაერთი განცხადება, რაც შსს-ს მხრიდან სათანადო და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. იმ პირობებში, როდესაც გასულ წლებში იმავე ჯგუფებისგან ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარდეს დროული და მკაცრი ღონისძიებები მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ.

GDI გმობს ხელისუფლებისა და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან წახალისებულ ჰომოფობიურ ტალღას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს კვირეულის ორგანიზატორებს, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს საკუთარი უფლებების რეალიზება და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა საქართველოში.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ეკუთვნის ყველას თანასწორად, ხოლო ძალადობას გამართლება არ აქვს!“, – წერია განცხადებაში.

პრაიდ კვირეული 1-8 ივლისს ჩატარდება და დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მიმართავს.

წელს, თბილისი პრაიდის კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და პრაიდის ფესტივალს.

თბილისი პრაიდის კვირეულზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.