სამართალდამცველებმა წარმოაჩინეს, რომ სახელმწიფო ძლიერი და ჰუმანურია - კობახიძე

პუბლიკა

გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის შემდეგ პარლამენტის შენობაში პლენარული სხდომის ჩასატარებლად მისული დეპუტატები პარლამენტის შენობაში პოლიციის დახმარების შევიდნენ. პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

ოპოზიციის მარგინალიზაციაზე და მიმდინარე პროცესებში სახელმწიფო ინსტიტუტების როლზე ისაუბრა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.  მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ იქნება.

„ორი კვირის წინ საპარლამენტო გამოსვლის დროს აღვნიშნე, რომ  წინა კვირა ლუსტრაციის კვირა იყო. იმ ორი კვირის განმავლობაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი განშტოებებით საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ანტიეროვნულმა, ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ. კულმინაცია იყო ეკლესიაზე შტურმი. ეს შტურმი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული მედიასაშაულებებითა და აქტივისტების გამოყენებით ხორციელდებოდა. მადლობა ღმერთს, შტურმი შეწყდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ჩვენ უნდა დავიცვათ ეკლესია და ეკლესიასთან ერთად ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულობასთან.

გრძელდება ლუსტრაცია და გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. ოპოზიციამ წარმოაჩინა თავი, როგორც დესტრუქციულმა და უნიათო ძალამ. ასეთი დესტრუქციული ოპოზიცია დიდი ხანია არ ჰყოლია ქვეყანას. სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო და ხელისუფლებაც იმოქმედებს ისე, როგორც მართებს.

მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ამ დღეებში წარმოაჩინეს სახელმწიფო, როგორც ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო.

დაიწყო მარგინალური ოპოზიციის სრული მარგინალიზაციის პროცესი და ეს პროცესი საბოლოოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება და დასრულდება დასავლურ და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიციის ჩამოყალიბებით. ეს პროცესი შეუქცევადია. დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც დღეს არ ზის არცერთი ნაციონალი სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება არცერთ ნაციონალური შემდეგ პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციები სპეცრაზმის მიერ 3-ჯერ დაიშალა. „გავრილოვის ღამეს“ ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენები კი – აქციის მონაწილეები. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიის თვალი დაკარგა. 18 ნოემბრის აქციის დაშლის დრო 6 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი პოლიციელი, ხოლო 26 ნოემბრის დაშლის შედეგად დაშავებულია 4 პირი.