„სამართალდარღვევას საერთოდ არ ჰქონია ადგილი" - რიონის ხეობის მცველის ადვოკატი

პუბლიკა

წუხელ მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს. დაკავებულის ინტერესებს საიას ადვოკატი სალომე სალდაძე იცავს.

„დაკავებულისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები არცერთ შემთხვევაში არ თავსდება იმ მუხლის შემადგენლობაში, რომლის დარღვევასაც მას ედავებიან… ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. რაზეც არ მივიჩნევთ, რომ ეს სწორი მუხლია, ვინაიდან, სამართალდარღვევას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. სასამართლო პროცესზეც ეს პოზიცია გვექნება და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. თუ ის ჩვენთვის მიუღებელი იქნება, აუცილებლად გასაჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა სალომე სალდაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

რიონის ხეობის მცველის დავით შუკაკიძის თქმით, ქუთათელაძე გუშინ გვიან ღამით გააკავეს.

„როდესაც ჩვენ ვცდილობდით ჩვენი არხებით გაგვერკვია, თუ რის საფუძველზე დააკავეს ის, მათ გვიპასუხეს ასეთი რამ, რომ მან საზღვარი დაარღვია უკანონოდ. რომელ საზღვარზეა საუბარი, რთული გასაგებია. ერთადერთი რაც ამით უნდათ გააკეთონ არის ის, რომ დააშინოს ის ხალხი, ვინც პროტესტს გამოხატავს”, – ამბობს დავით შუკაკიძე.

„პუბლიკასთან” საუბრისას რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძე აცხადებს, რომ ქუთათელაძე სოფელ ნამოხვანში ბრუნდებოდა და ის მშენებარე ხიდთან გააჩერეს.  მასთან ერთად ასევე დააკავეს კიდევ 2 პირი, რომლებიც მალევე გაუშვეს.

„პუბლიკა” შსს-დან ელოდება განმარტებას, თუ რას ედავება უწყება დაკავებულ ლაშა ქუთათელაძეს.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.  3 აპრილიდან პოლიციას გარკვეულ ლოკაციებზე, მათ შორის გუმათჰესთან, გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობის თქმით, მათ, ვისაც სურვილი აქვს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში მყოფ ადგილობრივებს შეუერთდნენ, ხეობაში არ უშვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია”.