სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ივანიშვილის აშენებულ სარაგბო ბაზას აფინანსებენ - TI

პუბლიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ივანიშვილის აშენებულ სარაგბო ბაზას აფინანსებენ.

„ფონდმა „ქართუმ“ 2012-2013 წლებში მოაწყო ასპინძის სარაგბო ბაზა, რომელსაც ფლობს შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15“. ამ შპს-ს ორივე დამფუძნებელი – ააიპ „რაგბის მხარდამჭერთა ლიგა“ (20%) და ააიპ „ასოციაცია ატუ“ (80%) პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებასთან“. ამ ორგანიზაციებმა 2013-2020 წლებში 45 სახელმწიფო შესყიდვიდან 3 984 317 ლარი მიიღეს, მათმა დამფუძნებლებმა კი „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში 376 200 ლარი შესწირეს.

ასპინძის სარაგბო ბაზის ფინანსური მხარდაჭერა მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა იკისრეს. მათ 2016 წელს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაო“ დააფუძნეს და სარაგბო ბაზის საბიუჯეტო დაფინანსების სქემა შექმნეს. მუნიციპალიტეტებმა  ამ ააიპ-ს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან,  2016-2020 წლებში, ჯამში  1 171 861 ლარი გადაურიცხეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ სპორტის განვითარება და მისი პოპულარიზება ახალგაზრდებში მნიშვნელოვანია, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუწყოს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-სა“ და ააიპ „სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ ტაოს“ ტენდერები, ასევე, ამავე შპს-თან და ააიპ „ასოციაცია ატუსთან“ მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ გაფორმებული პირდაპირი შესყიდვები და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, იმოქმედონ კანონის შესაბამისად.