სამედიცინო კლინიკის ყოფილი თანამშრომლები მეოთხე დღეა, შიმშილობენ

პუბლიკა

ქავთარაძის ქუჩაზე „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ყოფილი თანამშრომლები 6 და 8 თვის ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვენ. კლინიკის ეზოში 40-მდე ადამიანი უკვე მეოთხე დღეა, აქციას მართავს, მათგან 15 კი შიმშილობს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ბაია ქავთარაძის თქმით, აქციის სხვა მონაწილეებიც აპირებენ,  გამოაცხადონ შიმშილობა, სანამ კლინიკის დირექტორი ნატალია კვანტალიანი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ბაია ქავთარაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ დღეს ნატალია კვანტალიანის ბრძანებით,  კომპანიის ტერიტორიიდან ჩამოხსნეს ბანერი, რომელზეც მისი სახელი ეწერა.

აქციის მონაწილეები უშუალოდ „ნატალია კვანტალიანის სამედიცინო ცენტრის“ ბაზაზე არსებულ სისხლის ბანკში იყვნენ დასაქმებულები. შიმშილობის პირველივე დღეს, როდესაც მათ კლინიკის ეზოში კარავი გაშალეს, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ამის შემდეგ კი, ბაია ქავთარაძის ინფორმაციით, ნატალია კვანტალიანი პირადი დაცვით გადაადგილდება.

დღეს მოშიმშილეებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაციამ დაცვის დახმარებით აიძულა ისინი, კარავი და ბანერები სხვა ადგილზე გადაეტანათ, კლინიკიდან მოშორებით.

„ბანერი, რომელიც გაშლილი იყო  სისხლის ბანკის ეზოში, დღეს უბრძანებია ამ ქალს [ნატალია კვანტალიანი, კლინიკის მფლობელი] რომ ჩამოეხსნათ, თითქოს ეს კომპანია აღარ არსებობს. რას თამაშობს არ ვიცი. ჩვენი კარავიც დაშალეს, ნაგავში გადაგვიყარეს ლეიბები. ამ დროისთვის 15 ადამიანი ვშიმშილობთ და სხვებიც აპირებენ, რომ შემოგვიერთდნენ“, – თქვა ბაია ქავთარაძემ „პუბლიკასთან“.

„ახალგაზრდული პროფკავშირების“ წარმომადგენლის, გიგა ბექაურის თქმით,  ბრძოლა გაგრძელდება დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულებამდე.

„დასაქმებულები ამ საახალწლოდ კომპანიამ გაწირა შიმშილისთვის, არ გადაუხადა კუთვნილი ანაზღაურება.  ეს არის უკანონობა, უსამართლობა და საჭიროებს ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. ამ ადამიანებმა ვერ იპოვეს სამართალი და ამაში ვინმე უნდა დაეხმაროს მათ. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – თქვა გიგა ბექაურმა.

მისივე თქმით, შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროდან პროცესში ამ ეტაპზე არავინ ჩართულა.  ბექაური ამბობს, რომ სასამართლოში არის სარჩელი შეტანილი, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

„უამრავი განცხადება გაკეთდა ამ საკითხზე და შეეძლოთ [სამინისტროს], რომ ენახათ. მედიატორი ვერ იქნება ჩართული, რადგან რამდენიმე თვეა, გაჩერებულია კომპანია და თანამშრომლები წამოსულები არიან. მოითხოვენ, რაც იშრომეს იმის ანაზღაურებას, ანუ 8 თვის ხელფასს. ერთადერთი სარჩელია შეტანილი და სასამართლო პროცესი ჯერ არც ჩანიშნულა“, – განაცხადა ახალგაზრდა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიგა ბექაურმა „პუბლიკასთან“.

სისხლის ბანკის ყოფილი თანამშრომლების უმეტესობას, აქციის მონაწილეების თქმით,  6 და 8-თვის ხელფასი არ აუღია, ნაწილს კი  მცირე თანხა აქვს ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, დაახლოებით, 40-მდე თანამშრომლის მიმართ კომპანიას 48 000-მდე დავალიანება აქვს.