სამეფო სახლი სააკაშვილს: „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა სიძულვილის კონტექსტში

პუბლიკა

საქართველოს სამეფო სახლი,  მიხეილ სააკაშვილს თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, მუხრან-ბატონის ტიტული არ გამოიყენოს დღევანდელი დისკუსიის ჭრილში. განცადებას სამეფო სახლში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის „ჩაკრულოს“ ტექსტი „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრან-ბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“. – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში.

გუშინ, სასამართლო პროცესზე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველები ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები.

„ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა“ ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

„დარწმუნებული ვარ, ისტორიული სიმართლეა ჩვენს მხარეს და გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ, რადგან გადამწყვეტ დროს ქართველი ხალხი თავის თავში ყოველთვის პოულობდა ძალას გაერთიანებისა და თავის დახსნისთვის. ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას საკუთარი თავი. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები. „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა“ ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილს მოსამართლემ მიმართა, საქმის გარემოებებზე ესაუბრა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქმის გარემოებებზე საუბრობდა.

„ჩავუხტი მუხრან-ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდათ, ჩამოვუხტი. ჩამოვუხტეთ მუხრან-ბატონსა. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ არ ვიმსახურებთ კორუფციას, დამცირებას, დაცინვას, კრიმინალების თარეშს და უპერსპექტივობას. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ღირსეული ერი და მე ამისი ღრმად მწამს“. – განაცხადა სააკაშვილმა.