გურამ ხუტაშვილის და დანიელ მუმლაძის პროცესი საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად 1 თვით გადაიდო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 112-ის სამეთვალყურეო კამერების განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულების, გურამ ხუტაშვილისა და დანიელ მუმლაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს მოსამართლე ლილი მსხილაძე განიხილავს.

გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს პროკურატურა რუსთაველის გამზირზე 112-ის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჯგუფურად დაზიანებას ედავება. უწყების მიხედვით, ზიანმა 12 100 ლარი შეადგინა.

1998 წელს დაბადებული გურამ ხუტაშვილი და 2001 წელს დაბადებული დანიელ მუმლაძე ბრალდებას აღიარებენ.

ადვოკატების განცხადებით, მიმდინარეობს საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე.

გურამ ხუტაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, მათი მხრიდან შეთავაზებული იქნება ზიანის ანაზღაურება და პირობითი მსჯავრი.

სხდომაზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე მზად არიან, აანაზღაურონ ზიანი და ამისთვის პროკურატურისგან შესაბამის რეკვიზიტებს ელოდებიან.

 

პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება განხილვის ეტაპზეა და მიმდინარეობს დაცვის მხარის განცხადების შესწავლა.

მოსამართლემ მხარეებს სხდომის ერთი თვით გადადება შესთავაზა. პროკურორის თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში მხარეს პასუხს აცნობებენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა თქვა:

„გიდასტურებთ, რომ დაცვის მხარემ წერილობით მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და დღეის მდგომარეობით ამ განცხადების განხილვა მიმდინარეობს. კონკრეტული სასჯელი დაკონკრეტებული არ აქვთ განცხადებაში, ითხოვენ რომ ბრალდებულებს განესაზღვროთ მსუბუქი სასჯელი. ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მოგვმართა წერილობით, მეორე ბრალდებულის ადვოკატმა მხოლოდ პროცესზე გააჟღერა, რომ სურს შეთანხმების მიღება. მისი ზეპირი განცხადების მიღება მოხდება ერთიანად. პირობებზე ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ.

გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებაზე იღებს პროკურორი, ზემდგომი პროკურორი წერილობით გადაწყვეტილებას ეთანხმება. ზემდგომი პროკურორია ვანო ოქროპირიძე. კონკრეტულ პირობას არ ითხოვენ, ითხოვენ მსუბუქ სასჯელს. მსუბუქი სასჯელი რა იქნება… ბრალდებულებმა აღიარეს, რომ განზრახ ჯგუფურად აზიანებდნენ. [საპროცესო შეთანხმების მიღწევას] ერთი თვე კი არა, ხანდახან შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, ეს პროცესი არის ინდივიდუალური და ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პრაქტიკა არ არსებობს. მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე გაწვდით ინფორმაციას, ჩემს პირად მოსაზრებებზე თავს შევიკავებ“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

მომდევნო სხდომა 7 მარტს, 11:00-ზე დაინიშნა.


დანიელ მუმლაძე ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა. ამავე რესტორანში მიმტანი იყო გურამ ხუტაშვილი.

წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ გურამ ხუტაშვილი სოციალურად დაუცველია, დანიელ მუმლაძე კი – ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.