სამი ჯუჯაც გამიგია, სამი მუშკეტერიც და სამ პრეზიდენტსაც გავიგებ – ზილფიმიანი შერიგებაზე

პუბლიკა

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შერიგების იდეაზე ისაუბრა. მისი თქმით, რაზეც მიდის საუბარი, ეს არ შეიძლება იყოს შერიგება და მას სხვანაირად ესმის.

„რა თქმა უნდა, ზოგადად, შერიგება, ხელის ჩამორთმევა, ამნისტია – ეს ყველაფერი ძალიან ჰუმანურია, მაგრამ კონკრეტულად მინდა ვამხილო ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესი. ოპონენტებს მინდა გთხოვოთ, თავი შეიკავოთ იმის დემონსტრირებისგან, თითქოს აქ ვინმე ვინმეზე უფრო დემოკრატი ან ჰუმანური იყოს.

…ახლა, თურმე, დიდი საყოველთაო შერიგებაა საჭირო და უნდა ყველა შევთანხმდეთ და ასე შემდეგ. ეს ძირეულად მიმაჩნია, რომ არის ფარსი. რას ნიშნავს შერიგება? შერიგება ხდება მაშინ, როდესაც შენ, მინიმუმ, რაც წამართვი, რაც მომპარე, რაც დამინგრიე, იმას დამიბრუნებ; მერე მოინანიებ, ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შეიძლება ჩამოგართვა ხელი. ისე, უბრალოდ, რაც გაგიკეთე გაგიკეთე და ახლა მოდი, შევრიგდეთ, ეს არ არის შერიგება“, – ამბობს ზილფიმიანი.

დავით ზილფილიანის თქმით, მისი იდეაა და ამის შესახებ რამდენიმე თვის წინაც ისაუბრა, რომ შერიგება იქნება, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაცხადებს მორატორიუმს და არ მიიღებს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას.

„მოკლედ, მე ყველაფერი გამიგია, სამი მეგობარი ჯუჯის ამბავიც გამიგია, სამი მუშკეტერიც გამიგია და სამ პრეზიდენტსაც მალე გავიგებთ, მაგრამ ეს არის შინაარსისგან დაცლილი სიტუაცია და ცარიელი კასრი. სწორედ ამიტომაა დიდი ხმაური, რომ ცარიელი კასრი ყოველთვის დიდად ხმაურობს“, – ამბობს დავით ზილფიმიანი.