სამი შესაძლო სცენარი EU-ის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე - მკვლევრის შეფასება

პუბლიკა

რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ნონა მიხელიძემ „ღამის მთავარის“ ეთერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა და განიხილა სამი სავარაუდო სცენარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

ექსპერტის პროგნოზი პესიმისტურია. ის ეყრდნობა იტალიის პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, კანდიდატის სტატუსს ვერ იღებს ვერც ერთი ქვეყანა.

მისი თქმით, გუშინდელ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე უკრაინისთვის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ იტალია არის ერთადერთი სახელმწიფო დიდ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ამ ეტაპზე მხარს უჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„დღეის მდგომარეობით, ვითარება არის ეს, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ იღებს ვერც ერთი ქვეყანა. რა მოხდება აქედან ერთ თვეში ვნახავთ. სცენარი არის სამნაირი: ერთი არის ის, რომ მხოლოდ უკრაინამ მიიღოს სტატუსი, რადგან უკრაინა არის ომში და ამას მიიღებს სისხლის ფასად; მიიღებს იმიტომ, რომ ამ პერიოდში სიმბოლიზმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თუ სიმბოლიზმი გადაწონის, მაშინ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

მეორე სცენარი არის ის, რომ სტატუსი მიიღოს უკრაინამ და მოლდოვამ. მოლდოვამ იმიტომ, რომ მას პოზიტიური შეფასებები აქვს ევროპარლამენტის რეპორტებში. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად ევროპარლამენტი მონიტორინგს მიმართავს ასოცირების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და მოლდოვასთან დაკავშირებით ყოველთვის პოზიტიური რეკომენდაციებია. რა თქმა უნდა, აღნიშნავენ, რომ არის რაღაც რეფორმები და საკითხები, რომელიც რჩება იმპლემენტაციის მიღმა, მაგრამ საერთო შეფასება არის პოზიტიური, რაც არ ითქმის საქართველოზე.

მესამე სცენარი – გადაწონოს პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ და სამივეს მიანიჭონ კანდიდატობის სტატუსი“, – ამბობს მიხელიძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს გარკვეული პირობების დათქმით, მიხელიძე პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს მიიღებს უკრაინა და მოლდოვა, საქართველო კი პირობების დათქმით, ეს იქნება „კატასტროფული შედეგი ქვეყნისთვის.“

„უნდა განვმარტოთ ერთი რამ, თვალი მოვკარი შეფასებებს, რომ სტატუსს არა აქვს მნიშვნელობა და მოლოდინს ნუ ვქმნით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც შემოვიდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, ყოველ წელს თუ არა, ყოველ მეორე წელს იმართებოდა სამიტი პარტნიორების. ამ სამიტის საერთო განაცხადში ქართული მხარე, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა ცდილობდა, ასე ვთქვათ, გამოეტყუებინა ევროკავშირისთვის სიტყვა – „პერსპექტივა“ და ეს სიტყვა ვერ გამოსტყუა ამდენი წლის განმავლობაში, ანუ პერსპექტივაც კი არ არსებობდა, საქართველოს გაეკეთებინა განაცხადი კანდიდატობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში კანდიდატობა არის ძალიან სერიოზული რამ.

სამი ვერსია დავასახელე. როდესაც სამივე ვერ იღებს სტატუსს, რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო უადვილებს საქმეს, რომ არ გაამახვილოს ყურადღება იმ უკუსვლაზე, რაც აქვს დემოკრატიის განვითარებაში. თუ მოხდა ისე, რომ მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ და საქართველომ არ მიიღო, და მიიღო რაღაც პირობები, ეს ნიშნავს უდიდეს პოლიტიკურ მარცხს“, – ამბობს მიხელიძე.

ექსპერტი ასევე გამოეხმაურა „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის სტატიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მიმდინარე განხილვას. მისი თქმით, ჩხიკვაძის შეფასებები ოპტიმისტურია და ის უფრო პესიმისტურადაა განწყობილი.

„ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არც წაუკითხავთ, რა არის ასოცირების ხელშეკრულება, როგორ ხდებოდა ამის ხელმოწერაზე ჯერ მუშაობა, შემდეგ მეთვალყურეობა იმპლემენტაციის და ა.შ. ხალხი, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია დოკუმენტთან… რა არის საერთოდ საქართველოს გზა ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე, არავინ არ იცის ისე, როგორც ვანო ჩხიკვაძემ. ასეთ ადამიანს დასწამეს რაღაცები და ასეთი ადამიანის ექსპერტობა დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მან თქვა უბრალოდ ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტი. მე კიდევ უფრო პესიმისტი ვარ ვიდრე ვანო ჩხიკვაძე“, – ამბობს მიხელიძე.

საუბარია სტატიაზე, სადაც ჩხიკვაძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღვივებასა და გაზრდას, ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს „პოტენციური კანდიდატის სტატუსის მიღება“.

აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის „სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება“ და „სოროსის ფონდის თბილისის ოფისი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში, პირდაპირ გადაქცეულია, უბრალოდ, „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატად და ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რაც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან.“