სოროსის ფონდის თბილისის ოფისი გადაქცეულია „ომის პარტიის“ დანამატად - კობახიძე

პუბლიკა

„სამწუხაროდ, სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში არის პირდაპირ გადაქცეული უბრალოდ „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატად, და ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რაც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა ჟურნალისტს შეკითხვის პასუხად, თუ როგორ შეაფასებდა „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის მოსაზრებას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება, როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ასეთ პოლიტიკურ დროს ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვანო ჩხიკვაძე თუ ვინც არის, მისი ქმედებაც არის ამ „ომის პარტიის“ და რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელება, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამის უკან დგას… ყველამ კარგად ვიცით…  ეს არის არეულობის მცდელობა, რომელსაც ვიხილავთ, თუ ასეთი რამ მოხდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება“, – განაცხადა კობახიძემ.

საუბარია სტატიაზე, სადაც ჩხიკვაძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღვივებასა და გაზრდას, ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს „პოტენციური კანდიდატის სტატუსის მიღება“.

მოგვიანებით ჩხიკვაძემ სოციალურ ქსელში განმარტებაც გაავრცელა:

„რაკიღა დიდი მითქმა-მოთქმა გამოუწვევია ამ სტატიას, მინდა განვმარტო, რომ ეს არის, ე.წ. „ალბანეთის მოდელი”, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს პოტენციურად ეძლევა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მას თან ახლავს პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ის ხდება კანდიდატი. ამ წუთას ევროკავშირის ქვეყნებში არ არის კონსენსუსი პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე (სხვათა შორის არც უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში) და ეს გახლავთ მეტ-ნაკლებად რეალისტური სცენარი, რაზეც შეიძლება შედგეს კონსენსუსი. ამაზე უარესი გახლავთ ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაც, სამწუხაროდ, არ აქვს საქართველოს. სხვა დანარჩენს რაც შეეხება. ვუჭერ თუ არა საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს და ა.შ. ნამდვილად არ ვაპირებ კომენტარების გაკეთებას“.