სამინისტრო: მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2024 წლის მარტიდან კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება, რაც ადრეული კვლევების დაფინანსებას გულისხმობს.

უწყების განცხადებით, პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ბოლო წლებში ონკოლოგიის მიმართულებით განხორციელებული სიახლეებია თავმოყრილი:

„2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი, ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე.

გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე – ონკოქირურგიის სერვისები.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა, უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო.

კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ, ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს.

…უშუალოდ მწარმოებლისგან, ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს, 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.