გასულ წელს დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს – „წლის საუკეთესო“ – კულტურის სამინისტრომ სახელი შეუცვალა და ნომინაციების რაოდენობა გაზარდა. უწყება ლიტერატურული კონკურსის – „მუზა“ – გამარჯვებულებს 4 ნომინაციის ნაცვლად 11 ნომინაციაში გამოავლენს.
„ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო“ კონკურსის წარმატებიდან და მის მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს კონკურსი განახლებული სახით წარიმართება. ამიერიდან, კონკურსი ახალი სახელწოდებით „მუზა“ ჩატარდება, რომლის სიმბოლო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზა“ იქნება“, – აცხადებს სამინისტრო.
უწყების ცნობით, კონკურსი ყოველწლიურად, სექტემბერში გამოცხადდება შემდეგ ნომინაციებში:
ა) წლის საუკეთესო რომანი;
ბ) წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
გ) წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
დ) წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე;
ე) წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);
ვ) წლის საუკეთესო თარგმანი;
ზ) წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;
თ) წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;
ი) წიგნის საუკეთესო დიზაინი;
კ) წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;
ლ) ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარდა).
საკონკურსო განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე, 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2022 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათამდე. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში.