სამინისტრომ სკოლების უმეტესობას ასარჩევად დირექტორობის თითო-თითო კანდიდატი წარუდგინა

პუბლიკა

განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც დირექტორთა არჩევნები გაიმართება.

სკოლებთან ერთად გამოქვეყნდა სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების სიაც.

სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 927 სკოლაში გაიმართება და სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სამეურვეო საბჭოებს არ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა შესაძლებლობა.

სკოლებში თითო-თითო კანდიდატის წარდგენას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. პედაგოგები და კანდიდატები წერენ, რომ არჩევანის გარეშე რეალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა სკოლებს არ ექნებათ და გაუგებარია, რატომ არ წარადგინა ერთზე მეტი კანდიდატი სამინისტრომ თუნდაც იმ სკოლებში, სადაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი წინასწარ ერთზე მეტ კანდიდატს ჰქონდა დაფიქსირებული.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2074 საჯარო სკოლიდან 383 სკოლაში დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობა სურდა 2/ან და მეტი კანდიდატს. მეტიც, არსებობდა 10 სკოლა, სადაც ყველაზე მაღალი იყო კონკურენცია და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 10-ზე მეტ კანდიდატს ჰქონდა დაფიქსირებული.

892 სკოლაში წარდგენილი იყო თითოეულში მხოლოდ 1 მსურველის შესახებ განაცხადი. ჯამში 1276 სკოლაში იყო კანდიდატობის მსურველი და საბოლოოდ სამინისტრომ მხოლოდ 927 სკოლას წარუდგინდა დირექტორი ასარჩევად.

927 სკოლიდან ზუსტად რამდენ სკოლაშია ერთზე მეტი კანდიდატი წარდგენილი ამ შეკითხვით „პუბლიკამ“ განათლების სამინისტროს მიმართა. უწყებას ვთხოვეთ, მოგვაწოდოს დეტალური სტატისტიკა, წარმოდგენილი სკოლებიდან რამდენში გაიგზავნა ერთი და რამდენში – ერთზე მეტი კანდიდატი. უწყებიდან ინფორმაციას მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.