CCIIR: საჯარო სკოლების 81.6%-ში დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ ჩატარდება

პუბლიკა

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში დირექტორთა არჩევნები დაინიშნება. ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლების სამეურვეო საბჭოებმა უნდა მოუსმინონ კონკრეტულ სკოლებში კონკურსში მონაწილე კანდიდატების თვალთახედვას სკოლის განვითარებაზე და გააკეთონ არჩევანი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება სკოლებში არჩევნების დღე, თუმცა უკვე ვიცით, სავარაუდოდ, როგორი იქნება კონკურენცია კონკრეტულ სკოლებში და სად რამდენი კანდიდატი იბრძოლებს დირექტორობისთვის.

სკოლის დირექტორობის სერტიფიცირებულ კანდიდატს კონკურსის წესით განსაზღვრული აქვს უფლება, შეარჩიოს მისთვის სასურველი სკოლა, არაუმეტეს სამისა –  სკოლის დირექტორობის კანდიდატი ალაგებს შერჩეულ სკოლებს პრიორიტეტების მიხედვით.

სწორედ აღნიშნული მონაცემები გააანალიზა განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია CCIIR-იმ და გამოაქვეყნა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც მიმოხილულია სკოლის დირექტორთა წლევანდელი არჩევნების მიმდინარეობა და კონკურენციის საკითხები.

სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი 2074 საჯარო სკოლაშია გამოცხადებული. ორგანიზაცია მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ საჯარო სკოლების 81.6%-ში სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ გაიმართება, რადგან 2074 სკოლიდან 798-ში დირექტორობის არცერთი სერტიფიცირებული კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.

894 სკოლაში მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული, რაც კონკურენციას და არჩევანის შესაძლებლობას გამორიცხავს, 382 სკოლაში კი დირექტორს კონკურსის წესით აირჩევენ. ეს ის სკოლებია, სადაც ერთზე მეტ კანდიდატს სურს დირექტორობა.

კონკურენცია ქალაქის სკოლებში

ქალაქის 478 საჯარო სკოლიდან 45-ში არავის გაუკეთებია განაცხადი დირექტორის არჩევნებში მონაწილეობაზე, შესაბამისად, ამ სკოლებში არჩევნები არ გაიმართება.

478 სკოლიდან მხოლოდ 433 სკოლაშია კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი და ამ 433-დან 210-ში მხოლოდ 1 კანდიდატია რეგისტრირებული, ანუ ქალაქის სკოლების 53%-ში კონკურენცია არ არის.

კონკურენცია სოფლის, თემისა და დაბის სკოლებში

1595 სკოლიდან 753-ში სკოლის დირექტორობის კანდიდატი რეგისტრირებული არ არის, ანუ ამ ტიპის დასახლებებში არსებული სკოლების საერთო რაოდენობის ზუსტად 47%-ში; 684 სკოლაში კი მხოლოდ ერთი კანდიდატია. რეალური კონკურსი ტარდება მხოლოდ 159 სკოლაში, სადაც ერთზე მეტი კანდიდატია რეგისტრირებული.

 რომელი სკოლები კანდიდატების ყველაზე მეტი რაოდენობით?

სკოლები, სადაც სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა 10 კანდიდატს აჭარბებს:

  1. სსიპ – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №163 საჯარო სკოლა;
  2. სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა;
  3. სსიპ – თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლა;
  4. სსიპ – ქალაქ თბილისის №114 საჯარო სკოლა (16 კონკურენტი);
  5. სსიპ – ქალაქ თბილისის №136 საჯარო სკოლა;
  6. სსიპ – ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა;
  7. სსიპ – ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა;
  8. სსიპ – ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლა; .
  9. ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლა;
  10. სსიპ – ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა

დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპი და პროცესში არსებული შესაძლო დარღვევები

დირექტორთა სერტიფიცირებისა და სკოლებში დირექტორთა არჩევნების პროცესი პოლიტიკური ნიშნით კანდიდატების შესაძლო დაბლოკვის შემთხვევების გამო, კვლავ აქტუალური გახდა.

სკოლის დირექტორთა არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს.  2022-2023 წლებში დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი უკვე ჩატარდა. სერტიფიცირება ორ ეტაპისგან შედგება – ტესტირებისა და გასაუბრების.

დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში კანდიდატების უსამართლოდ დაბლოკვის შემთხვევებზე მრავალი წელია, საუბრობენ. კანდიდატების პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვის შემთხვევებზე და ე.წ. გადარჩევის „ფარულ ეტაპზე“, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს, ცნობები სხვადასხვა წყაროთი დასტურდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომისიების მიერ მოწონებულ კანდიდატებს სუსი დამატებით ამოწმებს, პოლიტიკური ლოიალობისა და კეთილსაიმედოობის ნიშნით და წყვეტს, რომელ კანდიდატს მიეცეს დირექტორად მუშაობის უფლება.

კანდიდატთა ნაწილი, რომელმაც წელს დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპი ვერ გადალახა, ეჭვობს, რომ მათ შემთხვევაშიც არსებობდა „საბაბი“, რომლის გამოც ისინი სისტემისთვის „არაკეთილსაიმედოებად“ იქნენ მიჩნეულნი. კანდიდატების უმრავლესობა ღიად საუბარზე უარს ამბობს და სასამართლოს იმედი აქვს.

საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტი სასამართლოს საერთო სარჩელით მიმართავს და სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას მოითხოვენ.

27 კონკურსანტის უფლებებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს.