სამინისტროს განმარტება შატილში ავარიის დროს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მისვლაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟებს ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე გაუწიეს მობილიზება.

„კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები ზუსტად 2 წუთში, 17:15 სთ-ზე გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ.

სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადგილზე დახვდა პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ. ეკიპაჟებმა  დაუყოვნებლივ დაიწყეს სამი მძიმედ დაშავებულის სამედიცინო ტრანსპორტირება და ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით.

„შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების განაწილება შეესაბამება გამოძახებათა რაოდენობას და არის საკმარისი. რაც შეეხება საკურორტო სეზონებს, ცენტრი, გამოძახების მატებასთან ერთად,  პერმანენტულად ათავსებს დამატებით ეკიპაჟებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის საკურორტო ზონებზე“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი დაშავდა.