„სამინისტროს მხრიდან იქნება შესაბამისი რეაქცია“ – დავითაშვილი Georgian Airways-ის სანქცირებაზე

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი უკრაინის მხრიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლისთვის სანქციების დაწესებას პოლიტიკურად განპირობებულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

ლევან დავითაშვილმა სანქციების დაწესებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი მათ მიერ უკრაინისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა.

დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, სამწუხაროა ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლების მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ.

ჩვენ ვიცით, რამდენადაა დაკავშირებული ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს მხოლოდ და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იქნება შესაბამისი რეაქცია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


1 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების თანახმად, უკარინამ  10-წლიანი სანქციები დაუწესა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს და ასევე, პერსონალური სანქცია დაუწესა ავიაკომპანიის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.

თავად გაიაშვილმა ფაქტს „აბსურდი” და „უსამართლო” უწოდა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით არ გაჰკვირვებია, თუმცა უკვირს „ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ტაშ-ფანდურა“.