სამინისტროს პასუხი დასტურია, რომ მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტი უკანონოდ დაამტკიცა - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პუბლიკა

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.

„ფინანსთა სამინისტროს პასუხი იმის დასტურია, რომ საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტი უკანონოდ დაამტკიცა. აქედან გამომდინარე, დასკვნის არარსებობა ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის სამართლებრივ საფუძველსაც ქმნის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ორგანიზაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა დასკვნის მოპოვებას, რისთვისაც სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა.

  • „ხაზგასასმელია, რომ უწყების პასუხის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო აღიარებს, რომ მას დასკვნის გაცემას ავალდებულებს კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ.” ეს კანონი არეგულირებს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელშიც საჯარო და კერძო აქტორები მონაწილეობენ.
  • ამ დასკვნის გაცემა მხოლოდ პროცედურული ნაბიჯი არ არის. შეგახსენებთ, რომ ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული დასკვნა პროექტის საჯარო სარგებლიანობისა და მისი განხორციელების ეკონომიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ფუნდამენტური შინაარსის მქონე დოკუმენტი უნდა ყოფილიყო. ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტი არ მომზადებულა ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ პროექტის ხარჯსარგებლიანობა არ დაუსაბუთებია.
  • ამასთან, ფინანსთა სამინისტროს პასუხი იმის დასტურია, რომ საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესის პროექტი უკანონოდ დაამტკიცა. აქედან გამომდინარე, დასკვნის არარსებობა ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის სამართლებრივ საფუძველსაც ქმნის“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს გაცემული არ აქვს, – ამის შესახებ უწყებამ „პუბლიკას“ ოფიციალური განცხადებით აცნობა.

გამოცემას აღნიშნული დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით ჰქონდა გამოთხოვილი მიმდინარე წლის 11 მარტს. ივნისში „პუბლიკამ“ ადმინისტრაციული საჩივრითაც მიმართა ფინანსთა სამინისტროს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თქვენი 2021 წლის 11 და 12 მარტის განცხადებები და გაცნობებთ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტთან დაკავშირებით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ აქვს გაცემული“, – ნათქვამია 8 თვის შემდეგ უწყების პასუხში.

„პუბლიკა“ მოითხოვდა, გადმოგვცემოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.