ნამახვანჰესზე კანონით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ გვაქვს - ფინანსთა სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს გაცემული არ აქვს, – ამის შესახებ უწყებამ „პუბლიკას“ ოფიციალური განცხადებით აცნობა.

გამოცემას აღნიშნული დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით ჰქონდა გამოთხოვილი მიმდინარე წლის 11 მარტს. ივნისში „პუბლიკამ“ ადმინისტრაციული საჩივრითაც მიმართა ფინანსთა სამინისტროს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თქვენი 2021 წლის 11 და 12 მარტის განცხადებები და გაცნობებთ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტთან დაკავშირებით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ აქვს გაცემული“, – ნათქვამია 8 თვის შემდეგ უწყების პასუხში.

„პუბლიკა“ მოითხოვდა, გადმოგვცემოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.

საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების თაობაზე თავიანთი დასკვნების გასაჯაროებაზე უარს ამბობდნენ. იუსტიციის სამინისტროს დასკვნა 25 მაისს „მთის ამბებმა“ მოიპოვა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.

„ფისკალური რისკების შესახებ ფინანსთა სამინისტროს დასკვნა პროექტის საჯარო სარგებლიანობისა და მისი განხორციელების ეკონომიკურ მიზანშეწონილობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა კი – აფასებს ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს და იმას, თუ რამდენადაა დაცული ხელშეკრულებით სახელმწიფოს ინტერესი. აღნიშნული დასკვნები ამ ტიპის პროექტისთვის ცენტრალური დოკუმენტებია და მათი არარსებობა საქართველოს მთავრობის მიერ ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმების უკანონოდ ცნობისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის“, – წერდა დასკვნების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი.