სამირა ბაირამოვა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო - საია

პუბლიკა

„პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება”,  – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც საია წერს, ორგანიზაცია, რომელიც სამირა ბაირამოვას უფლებებს იცავს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოითხოვა მისი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა.

მათივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის (დევნა) ნიშნები, საიამ ასევე, მოითხოვა გამოძიების ამ მიმართულებითაც წარმართვაც.

„წარდგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. 2022 წლის 04 აპრილს საია-ს ეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხნენ მოწმეები და შესწავლილი იქნება საია-ს მიერ განცხადებაში მითითებული საკითხები. ასევე, პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამნაშავე პირების გამოკვეთა და მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა”, – ნათქვამია განცხადებაში.


სამირა ბაირამოვამ 14 მარტს „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი მარნეულში უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ფერებში შეღება, რის შემდეგაც, მისი განცხადებით, მუქარის შეტყობინებებს იღებდა.