აქტივისტი სამირა ბაირამოვა დაზარალებულად ცნეს

პუბლიკა

„უკვე დაზარალებულის სტატუსი მაქვს. ამ „სტატუსით“ ველოდებით სასამართლო პროცესს. ჩემს უფლებებს „საია“ იცავს“, – წერს მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

სამირა ბაირამოვამ 14 მარტს „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი მარნეულში უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ფერებში შეღება, რის შემდეგაც, მისი განცხადებით, მუქარის შეტყობინებებს იღებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაირამოვას საქმეზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

სამოქალაქო აქტივისტის მიმართ მუქარის ვიდეო საჯაროდაც გავრცელდა. ვიდეო „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ ერთი კვირის წინ ჩაწერეს. მათი მოთხოვნაა, ის ბანერები და სტიკერები, რომლებიც ბაირამოვამ შეღება ოფისის ფასადზე, ისევ გააკრან „და დაუბრუნონ პირვანდელ მდგომარეობას“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ დღეში ამოვდივართ და „ნაციონალური მოძრაობის“ საქათმეს და იქ „ევროპული საქართველოს“ [ოფისს], ერთი გუნდი არიან, ისეთ დღეში ჩავაგდებთ, რასაც დაიმსახურებენ“ – ამბობდნენ ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარის შემცველ ვიდეომიმართვაში და ხელით მიუთითებდნენ მარნეულში მდებარე „ენმ-ისა“ და „ევროპული საქართველოს“ ოფისებზე.

სამი დღის წინ სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ალტ-ინფომ“ მუქარა შეასრულა და გამოაქვეყნა ფოტოებიც, რომლებზეც ჩანს, რომ „ენმ-ის“ მარნეულის ოფისის ფასადი შეღებილია წითელი საღებავებით – კედლებზე წერია აქტივისტის სახელი, ასევე, მიხატულია შეურაცხმყოფელი წარწერები და ფიგურები.