აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს პატიმრობიდან, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თავისი გატაცების დეტალებს იხსენებს.
მუხთარლის თქმით, ის ნიაღვრის ქუჩაზე, თავისი სახლიდან 100 მეტრში იმყოფებოდა, როდესაც თავს დაესხა 3 პირი, რომლებსაც კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვა.
„ვუთხარი პოლიციის განყოფილებაში წავიდეთ-მეთქი. თავზე ტომარა ჩამომაცვეს და ხელები შემიკრეს. საგარეჯოს მხარეს წავიდნენ. ტომარა რომ მომხსნეს, თვალებზე წებოვანი ლენტი შემომახვიეს. როცა ისიც მომხსნეს, დავინახე, რომ უკვე აზერბაიჯანში ვიყავი. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანულ მხარეს გადამცეს“, – ,აცხადებს მუხთარლი
ჟურნალისტი ამბობს, რომ სამივე გამტაცებლის სახე დაინახა და ფოტოების ნახვის შემთხვევაში სამივეს ამოიცნობს. მუხთარლი აპირებს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართოს და გამოძების გაგრძელება მოითხოვოს. მისივე თქმით, მზად არის, თბილისში ჩამოვიდეს, ჩვენება მისცეს პროკურატურას და ის ადგილიც აჩვენოს, საიდანაც გაიტაცეს.
მუხთარლის თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამსახური, სასაზღვრო ჯარები და ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელი, ასევე ეს ინფორმაცია ჰქონდა, მინიმუმ, გიორგი კვირიკაშვილსაც .
„საზღვარი რომ უპასპორტოდ გადავლახე, ამის შესახებ იცოდა უშიშროების სამსახურმა, სასაზღვრო სამსახურმა, საბაჟომ და კრიმინალურმა სამსახურმა. ეს ყველაფერი იცოდა, მინიმუმ, კვირიკაშვილმა“, – ამბობს მუხთარლი.