სამხარაძემ თსუ-ში სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება აიღო

პუბლიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7-თვიანი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია თსუ-ში „პუბლიკას“ დაუდასტურეს.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, სამხარაძემ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების აღების თხოვნით სემესტრის დასაწყისამდე, მარტში, მიმართა და სექტემბრამდე შვებულებაში გავიდა.

სტუდენტების პროტესტის ფონზე ნიკოლოზ სამხარაძის მიერ თსუ-ში ხანგრძლივი შვებულების აღების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ნიკოლოზ სამხარაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატთაგან, ვინც მხარი დაუჭირა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტის კენჭისყრამდე ნიკოლოზ სამხარაძეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმა წერილით მიმართეს. ისინი დეპუტატს სთხოვდნენ, მხარი არ დაეჭირა „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტისთვის.