სამხრეთ აფრიკაში, კრუგერის პარკში, ტურისტებისგან დაცარიელებული გზა ლომებმა დაიკავეს

პუბლიკა

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწყებულმა იზოლაციამ, როგორც ჩანს, ველურ ცხოველებსაც შეუცვალა ცხოვრების წესი. სამხრეთ აფრიკაში, კრუგერის ეროვნულ პარკში ერთ-ერთმა რეინჯერმა აღმოაჩინა, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ტურისტებით სავსე გზა ლომებს დაუკავებიათ. დაცარიელებულ პარკში მოსასვენებელ ადგილად ცხოველებმა სწორედ გზატკეცილი შეარჩიეს.

პარკის რეინჯერი რიჩარდ სოური, რომელმაც გზაზე მძინარე ლომებს ფოტოები გადაუღო, BBC-თან ჰყვება, რომ დღისით ასეთი რამ არასდროს უნახავთ. ლომები, როგორც წესი, ხალხმრავალ ადგილებს უფრთხიან და გზაზე მხოლოდ ზამთრის ცივ ღამეებში თუ წვებიან, როცა დღისით გამთბარი ასფალტის საფარი შედარებით ინარჩუნებს სითბოს.

კრუგერის ეროვნული პარკი 25 მარტიდან დაიკეტა. თუმცა, რეინჯერები კვლავ მუშაობენ, რათა სიტუაციით ბრაონიერებმა არ ისარგებლონ. სოურის ახლა ის აწუხებს, რომ არ უნდა ცხოველებმა იფიქრონ, თითქოს გზები მათთვის სამუდამოდ უსაფრთხო გახდა.

„ჩვეულებრივ, ისინი გზაზე მანქანების გამო ტყეში არიან ხოლმე, თუმცა ახლა ხალხისაგან თავისუფლებით ტკბებიან“, – დასძენს პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ისააკ ფაალა. თუმცა, მისი თქმით, ლომებმა რბილ ბალახზე წოლას გზაზე ძილი სავარაუდო იმიტომ არჩიეს, რომ სამშაბათს პარკში წვიმდა, ასფალტის საფარი კი უფრო მალე გაშრა, ვიდრე ბალახი.

რიჩარდ სოური კი ჰყვება, რომ ფოტოების გადასაღებად ლომებს დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით მიუახლოვდა და ლომებმა ყურადღება არც კი მიაქციეს. „სურათების გადაღების მიზანი ის იყო, რომ პანდემიის გამო შექმნილ ამ რთულ სიტუაციაში ხალხისთვის, ვინც პარკში მოსვლას ვერ ახერხებს, ფოტოები გამეზიარებინა და განტვირთვის საშუალება მიმეცა“, – ამბობს რეინჯერი.

content image
content image
content image