სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ SWIFT-ის სანქციებს შეუერთდება

პუბლიკა

სამხრეთ კორეა შეუერთდება SWIFT-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეა აკრძალავს სტრატეგიული მასალების ექსპორტს რუსეთში და შეუერთდება საერთაშორისო ძალისხმევას, დაბლოკოს ზოგიერთი რუსული ბანკი SWIFT-ის გლობალური გადახდების სისტემაში. ამის შესახებ დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება.

როგორც CNN წერს, სამინისტრომ არ დააკონკრეტა, რომელი სტრატეგიული მასალები დაექვემდებარება ექსპორტის აკრძალვას, მაგრამ განაცხადა, რომ მან ამ გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა შეერთებული შტატებს, დიპლომატიური არხით.

სამხრეთ კორეის მთავრობა ასევე აცხადებს, რომ  გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნით.