სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა ლი ჯე-მიუნგმა გაიმარჯვა

პუბლიკა

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ოპოზიციონერმა ლი ჯე-მიუნგმა ხმების 49%-ით გაიმარჯვა.

მისი მთავარი კონკურენტი იყო მმართველი პარტიის კანდიდატი და წინა პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის კაბინეტის ყოფილი წევრი, კიმ მუნ-სუ.

გამარჯვების შემდეგ გამოსვლაში ლი ჯე-მიუნგმა პირობა დადო, რომ სამხრეთ კორეის ეკონომიკას გააუმჯობესებს და დაამყარებს მშვიდობას ჩრდილოეთთან.

ასევე, განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში დემოკრატიის „აღდგენა“ მისი პირველი პრიორიტეტი იქნება.

გასული თვეების განმავლობაში სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ქვეყანაში მარშალის კანონი აამოქმედა და ეროვნულმა ასამბლეამ მისი იმპიჩმენტი მოითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მისი გადაყენება 2025 წლის აპრილში დაამტკიცა, რასაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა.